17 -18 მაისს ბუნდესტაგის წევრის ტანკრედ შიპანსკის მიწვევით საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი იმყოფებოდა ქალაქ გოტაში და ქალაქ ილმენაუში. ვიზიტის ფარგლებში ელგუჯა ხოკრიშვილმა და ტანკრედ შიპანსკიმ ადგილობრივი მთავრობის და ბიზნესგაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს ლუდის მწარმოებელი კომპანიის ოტინგერის საწარმო. კომპანია ოტინგერი ლიცენზირებული პარტნიორი საწარმოს მეშვეობით ასევე ოპერირებს საქართველოში. საწარმოს დათვალიერების შემდეგ გაიმართა ადგილობრივი ბიზნეს-ასოციაციის (MIT) ორგანიზირებით ელჩის შეხვედრა წევრი კომპანიების წარმოამდგენლებთან, რომლებსაც მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში საინვესტიციო გარემოს და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების შესახებ.

ქალაქ გოტაში შეხვედრა გაიმართა ასევე ჰერცოგის მუზეუმის კურატორ დოქტორ შტრეკჰარტთან რომელმაც სტუმრებს ბაუჰაუსის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ოსკარ შლემერის გამოფენა დაათვალიერებინა.

საქართველოს ელჩმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ილმენაუს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სკოლის დირექტორთან ფრანკ მარჰთან და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებთან. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ილმენაუს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელია წარმატებულად მიმდინარეობს. დაგეგმილია ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროს გაფართოვება.